რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატი გიორგი კუნაძე ე.წ. უცხოელ აგენტად გამოაცხადა.
სამინისტროს ცნობით, გიორგი კუნაძე ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის უარყოფითი იმიჯის შექმნას, ასევე ავრცელებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ. კუნაძე ასევე რეგულარულად სტუმრობდა უცხოურ საინფორმაციო პლატფორმებს.
გიორგი კუნაძე 1991-1993 წლებში იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1993-1997 წლებში კი - რუსეთის ელჩი სამხრეთ კორეაში.
კუნაძის გარდა „უცხოელი აგენტების“ რეესტრს დაამატეს ჟურნალისტი ილია კოსიგინი და პოლიტოლოგი მიხაილ სავვა. კოსიგინი ვლადიმირში დაფუძნებული გამოცემის, „დოვოდის“ მთავარი რედაქტორია. გამოცემა რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინაში დაღუპული ვლადიმირელი სამხედროების შესახებ.
მიხაილ სავვა კი, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც მუშაობს ეთნიკურ კონფლიქტებსა და ეთნიკური ურთიერთობების პრობლემებზე.